დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დამყარებაზე მზადყოფნა გამოხატა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი
SeongJoon Cho / Bloomberg

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სამუშაო დონეზე კონსულტაციური ჯგუფის შექმნას ემხრობა, რათა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა შემცირდეს და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდეს.

სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა საჯარო მიმართვის დროს განაცხადა, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამუშაო ჯგუფის შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემცირება, ხალხთაშორისი კულტურული მიმოცვლა და კლიმატის ცვლილებებთან და სტიქიურ უბედურებებთან საპასუხო ქმედებებზე თანამშრომლობა.

იუნ სოკ იოლმა ასევე ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი იმ შემთხვევაში გამოთქვა, თუკი ჩრდილოეთ კორეა ატომური განიარაღების მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს.

ამასთანავე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ჩრდილოეთ კორეასთან "გაერთიანების ხედვას" გაუსვა ხაზი. მისი თქმით, "მანამ, სანამ დაყოფის ვითარება იარსებებს, ჩვენი განთავისუფლება დაუსრულებელი დარჩება".

"თავისუფლება, რომლითაც ვსარგებლობთ, უნდა გავავრცელოთ ჩრდილოეთის გაყინულ სამეფოზე [რედ. ჩრდილოეთ კორეა], სადაც ხალხს თავისუფლება აქვს ჩამორთმეული და სიღარიბისა და შიმშილობისგან იტანჯებიან". - დაამატა მან.

კომენტარები