დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: ისმაილ ყაანი ცოცხალია და ამჟამად თეირანში იმყოფება

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი
Mohammad Ali Marizad/Tasnim News Agency via A

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი, რომელიც მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მემკვიდრეა, ბეირუთზე ისრაელის იერიშების შედეგად არ დაღუპულა. ირანული წყაროების ცნობით, ყაანი ცოცხალია და ახლა თეირანში იმყოფება.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უსაფრთხოების სამსახურმა ყაანი შინაპატიმრობაში მოათავსა. ყაანს ისრაელისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ.

Sky News Arabic-ის დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისმაილ ყაანმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი დაკითხვის დროს გულის შეტევა მიიღო. დაკითხვის მთავარი მიზეზი ჰეზბოლას მეთაურის, ჰასან ნასრალას მკვლელობაში ყაანის პოტენციული მონაწილეობის ეჭვი გახდა.

წყაროების ინფორმაციით, ყაანი ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ ჩავიდა. ერთ-ერთი ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, ყაანი ბეირუთის დაჰიეს უბანში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა ჰეზბოლას ახალ სავარაუდო ლიდერზე, ჰაშიმ საფი ალ-დინზე იერიში მიიტანა, თუმცა მისი თქმით, ყაანი საფი ალ-დინს იერიშის მომენტში არ ხვდებოდა.

გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.

მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელზე 181 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. ისრაელმა, აშშ-მ და რეგიონულმა პარტნიორებმა ობიექტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს, ახლა კი იერუსალიმი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება.

კომენტარები