უკრაინაში დაიღუპა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი აქტივისტი, ილდარ დადინი, რომელიც მანამდე რუსეთში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ აქციებისთვის იყო დაკავებული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია და დადინის ნათესავები ავრცელებენ.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ილდარ დადინი - კოდური სახელით "განდი" - გუშინ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვის ოლქში ბრძოლაში დაიღუპა". - წერს მისი მეგობარი და რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, ილია პონომარიევი Facebook-ზე.
პონომარიევის თქმით, დადინი ჯერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად "ციმბირის ბატალიონში", შემდგომ კი "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონში იბრძოდა.
2015 წელს დადინს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის ორ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ციხეში ცუდ პირობებში იმყოფებოდა, ხოლო 2016 წელს მედია Meduza-მ მისი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დადინი ციხის მცველების მხრიდან წამებისა და დამამცირებელი ქმედებების ფაქტებს გმობდა.





