დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ობიექტებზე იერიში მიიტანეს

იემენელი ჰუსიტები მოძრაობის დამფუძნებლის, ჰუსეინ ბადრედდინ ალ-ჰუსის მკვლელობის მე-20 წლისთავზე ქალაქ სანააში, 2024 წლის 6 თებერვალი.
Anadolu via Getty Images

4 ოქტომბერს აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მათ შორის, დედაქალაქ სანასა და ჰოდეიდას აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

ჰუსიტების Al Masirah მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ასევე იყო ქალაქ დამარის სამხრეთ ტერიტორია.

ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება ჯერ კიდევ გასული წლიდან იემენის მახლობლად საერთაშორისო გემებს სისტემატურად თავს ესხმის, რის გამოც რეგიონში გლობალური ვაჭრობის პროცესი შეფერხებულია. ჰუსიტების თავდასხმებმა გამოიწვია აშშ-სა და ბრიტანეთის მხრიდან საპასუხო დარტყმები.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალებს მეთვალყურეობს, მათ ჰუსიტების დაჯგუფების სამიზნეებზე ჯამში 15 დარტყმა მიიტანეს. ასევე აშშ-ს ძალების ცნობით, საჰაერო იერიშის სამიზნე იყო ჰუსიტების სამხედრო ობიექტები.

"აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა იემენში ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე პროირანული დაჯგუფების 15 სამიზნეზე იერიში დაახლოებით საღამოს 5 საათზე (სანას დროით) მიიტანეს. ეს სამიზნეები მოიცავდა ჰუსიტების შეტევით სამხედრო ობიექტებს. ეს ზომები საერთაშორისო წყლებში აშშ-ს, კოალიციური და სავაჭრო გემების უსაფრთხო და თავისუფალი საზღვარო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მივიღეთ". - წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა X-ზე.

2023 წლის ნოემბრიდან ჰუსიტები წითელ ზღვაში ჯამში დაახლოებით 100 გემს დაესხნენ თავს, მათ შორის, ჩაძირეს ორი ხომალდი და მოკლეს მინიმუმ ოთხი მეზღვაური. 

კომენტარები