მეთიუ პერი

მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულმა ექიმმა დანაშაული აღიარა

მეთიუ პერი
People.com

ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ექიმმა დანაშაული აღიარა. 

დოქტორმა მარკ ჩავესმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ ის მართავდა კეტამინის მწარმოებელ კლინიკას და მიჰყიდა კეტამინის ტაბლეტები დოქტორ სალვადორ პლასენსიას, რომელიც ნარკოტიკს მსახიობს აწვდიდა.

მსახიობის სიკვდილის საქმეში ჩავეზთან ერთად ბრალი კიდევ 4 პირს წარედგინა, მათ შორის არის ერთი ექიმი და მსახიობის პირადი ასისტენტი.

ამერიკელი ადვოკატის, მარტინ ესტრადას თქმით, ბრალდებულები კრიმინალური ქსელის წევრები იყვნენ, რომლებიც მეთიუ პერისა და სხვებს ნარკოტიკულ საშუალებას აწვდიდნენ.

ამასთანავე, აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრატორმა, ენ მილგრამმა განაცხადა, რომ თითოეულმა ბრალდებულმა კეტამინის არასწორად გამოწერით, მიყიდვით ან ინიექციით საკუთარი როლი შეასრულა, რასაც 2023 წლის ოქტომბერში მსახიობის გარდაცვალება მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 ბრალდებულიდან ორი დაკავებულია და მათ მალევე სასამართლოს წინაშე წარადგენენ. 

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, Friends-ის ვარსკვლავი საკუთარ აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.

დეკემბრის თვეში ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა მეთიუ პერის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა.

როგორც კვლევაში წერია, მსახიობის სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელებულია წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი. გარდაცვალებას ანგარიშში "უბედურ შემთხვევას" უწოდებენ. 

პერი კეტამინის კურსს გადიოდა, რომელიც შფოთვით აშლილობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა, თუმცა უკანასკნელი ოფიციალური პროცედურა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული და ნივთიერება ამდენ ხანს სისხლში არ დარჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობი კეტამინს კურსის ფარგლებს გარეთ, რეკრეაციული მიზნებითაც იღებდა.

მსახიობის სისხლში კეტამინის რაოდენობა 3271 ნანოგრამს შეადგენდა. სრული ანესთეზიის დროს პაციენტის სისხლში კეტამინის რაოდენობა 1000-დან 6000 ნანოგრამამდე მერყეობს.

კომენტარები