15 აგვისტოს სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის სიკვდილთან დაკავშირებით ორ ექიმსა და კიდევ სამ პირს, მათ შორის მსახიობის პირად ასისტენტს, პერის კეტამინით მომარაგებისთვის ბრალი წარუდგინეს.
ამერიკელი ადვოკატის, მარტინ ესტრადას თქმით, ბრალდებულები კრიმინალური ქსელის წევრები იყვნენ, რომლებიც მეთიუ პერისა და სხვებს ნარკოტიკულ საშუალებას აწვდიდნენ.
"ბრალდებულებმა ბატონი პერის დამოკიდებულების პრობლემით ისარგებლეს, რათა თავი გაემდიდრებინათ". - განაცხადა ესტრადამ ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთანავე, აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრატორმა, ენ მილგრამმა განაცხადა, რომ თითოეულმა ბრალდებულმა კეტამინის არასწორად გამოწერით, მიყიდვით ან ინიექციით საკუთარი როლი შეასრულა, რასაც 2023 წლის ოქტომბერში მსახიობის გარდაცვალება მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ბრალდებულიდან ორი დაკავებულია და მათ მალევე სასამართლოს წინაშე წარადგენენ.
მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, Friends-ის ვარსკვლავი საკუთარ აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.
დეკემბრის თვეში ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა მეთიუ პერის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა.
როგორც კვლევაში წერია, მსახიობის სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელებულია წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი. გარდაცვალებას ანგარიშში "უბედურ შემთხვევას" უწოდებენ.
პერი კეტამინის კურსს გადიოდა, რომელიც შფოთვით აშლილობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა, თუმცა უკანასკნელი ოფიციალური პროცედურა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული და ნივთიერება ამდენ ხანს სისხლში არ დარჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობი კეტამინს კურსის ფარგლებს გარეთ, რეკრეაციული მიზნებითაც იღებდა.
მსახიობის სისხლში კეტამინის რაოდენობა 3271 ნანოგრამს შეადგენდა. სრული ანესთეზიის დროს პაციენტის სისხლში კეტამინის რაოდენობა 1000-დან 6000 ნანოგრამამდე მერყეობს.





