მეთიუ პერი

მეთიუ პერის სიკვდილთან დაკავშირებით, სულ მცირე, ერთი პირი დააკავეს

მეთიუ პერი
People.com

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, ერთ პირი დააკავეს.

გამოცემის ცნობით, ანონიმურ წყაროს მათთან საუბრისას მიმდინარე გამოძიების დეტალებზე საუბრის უფლებამოსილება არ ჰქონდა, თუმცა, გამოცემის თქმით, საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე სასაუბროდ მოგვიანებით პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

მაისის თვეში ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოსა და აშშ-ს ფოსტის ინსპექტირების სამსახურთან თანამშრომლობით მეთიუ პერის სიკვდილთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა.

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, Friends-ის ვარსკვლავი საკუთარ აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.

დეკემბრის თვეში ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა მეთიუ პერის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა.

როგორც კვლევაში წერია, მსახიობის სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელებულია წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი. გარდაცვალებას ანგარიშში "უბედურ შემთხვევას" უწოდებენ. 

პერი კეტამინის კურსს გადიოდა, რომელიც შფოთვით აშლილობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა, თუმცა უკანასკნელი ოფიციალური პროცედურა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული და ნივთიერება ამდენ ხანს სისხლში არ დარჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობი კეტამინს კურსის ფარგლებს გარეთ, რეკრეაციული მიზნებითაც იღებდა.

მსახიობის სისხლში კეტამინის რაოდენობა 3271 ნანოგრამს შეადგენდა. სრული ანესთეზიის დროს პაციენტის სისხლში კეტამინის რაოდენობა 1000-დან 6000 ნანოგრამამდე მერყეობს.

კომენტარები