მეთიუ პერი

ცნობილი გახდა მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი

მეთიუ პერი
People.com

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა მეთიუ პერის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა.

როგორც კვლევაში წერია, მსახიობის სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელებულია წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი. გარდაცვალებას ანგარიშში "უბედურ შემთხვევას" უწოდებენ.

კეტამინი ძლიერი ტრანკვილიზატორია, რომელსაც შავ ბაზარზე ნარკოტიკად მოიხმარენ. ბუპრენორფინი კი მედიკამენტია, რომელსაც ოპიოდების მოხმარებით გამოწვეული აშლილობების სამკურნალოდ იყენებენ. 

პერი კეტამინის კურსს გადიოდა, რომელიც შფოთვით აშლილობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა, თუმცა უკანასკნელი ოფიციალური პროცედურა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული და ნივთიერება ამდენ ხანს სისხლში არ დარჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობი კეტამინს კურსის ფარგლებს გარეთ, რეკრეაციული მიზნებითაც იღებდა.

მსახიობის სისხლში კეტამინის რაოდენობა 3271 ნანოგრამს შეადგენდა. სრული ანესთეზიის დროს პაციენტის სისხლში კეტამინის რაოდენობა 1000-დან 6000 ნანოგრამამდე მერყეობს.

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა, Friends-ის ვარსკვლავი საკუთარ აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.

კომენტარები