არჩევნები 2024

სათამაშო ინდუსტრიის დაბეგვრა იქნება 1000-ლარიანი პენსიის ერთ-ერთი წყარო - ხაზარაძე

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

"ყველა ნორმალური ქვეყანა ბეგრავს ამ ინდუსტრიას ისე, რომ ინდუსტრია შეინარჩუნოს" - კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში თქვა, რომ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი წყარო სათამაშო ბიზნესის დამატებით დაბეგვრა შეიძლება იყოს.

ხაზარაძემ განმარტა, რომ საქართველოში ეკონომიკის დაახლოებით 30% აღნიშნულ ბიზნესს ეკუთვნის და "არ შეიძლება საქართველოს იმიჯი იყოს სათამაშო ბიზნესთან ასოცირებული და ამხელა სეგმენტი ჰქონდეს".

"საქართველოს 240-მილიარდიანი ეკონომიკა აქვს დღეს და ამ 240 მილიარდიდან 60-62 მილიარდი არის სათამაშო ბიზნესის ანუ 30% ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არის სათამაშო ბიზნესის. მე, როგორც ყოფილი ბიზნესმენი და ვარ ლობისტი ყველა ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესების, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, რომ არ შეიძლება საქართველოს იმიჯი იყოს სათამაშო ბიზნესთან ასოცირებული და ამხელა სეგმენტი ჰქონდეს.

ყველა ნორმალური ქვეყანა ბეგრავს ამ ინდუსტრიას ისე, რომ ინდუსტრია შეინარჩუნოს, მაგრამ როცა 200-250 მილიონი გაქვს შემოსავალი ბიუჯეტში 62 მილიარდიდან - ეს არასამართლიანი კი არა, დანაშაულია, როცა 62 მილიარდია ბრუნვა ნებისმიერი ინდუსტრიის, განსაკუთრებით სათამაშო ბიზნესის, რომელიც არ ქმნის დოვლათს. [...] როცა ვლაპარაკობთ 1000-ლარიან პენსიაზე ეს არის ერთ-ერთი წყარო, რასაც ჩვენ გავაკეთებდით". - თქვა ხაზარაძემ.

18 იანვარს პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება, ხოლო მეორე დღეს ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ პენსიის 1000 ლარამდე ზრდის გეგმა 2024-2028 წლებს მოიცავს.

კომენტარები