ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირან-ისრაელის დაძაბულობის ფონზე აშშ რეგიონში ავიაგამანადგურებლების 3 ესკადრილიას გზავნის

აშშ-ს F-16 ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.  
378th Air Expeditionary Wing Public Affairs  

ირანსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიაგამანადგურებლების 3 დამატებით ესკადრილიას გზავნის

როგორც აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, რეგიონში გადაისვრიან F-15E-ების, F-16-ებისა და A-10-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. ასევე სარდლობა ხაზს უსვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში ავიაგამანადგურებლების ერთი ესკადრილია უკვე იმყოფება.

პარალელურად ისრაელი ირანზე საპასუხო დარტყმისთვის ემზადება.

გასულ დღეს აშშ-ს თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება და ვაშინგტონი ისრაელთან იმუშავებს.

1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე იერიში 181 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. ისრაელმა, აშშ-მ და რეგიონულმა პარტნიორებმა ობიექტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს. უცნობია რა სახის ზიანი მოჰყვა გაუნეიტრალებელი რაკეტების ჩამოვარდნას. 

სარაკეტო თავდასხმა ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას შორის ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობას მოჰყვა. ისრაელმა შეძლო ლიბანში მოქმედი ტერორისტული ჯგუფის სამმართველო წრის დიდი ნაწილის უვნებელყოფა, ბოლოს კი სარაკეტო დარტყმით ჰეზბოლას მთავარი ლიდერი, ჰასან ნასრალაც მოკლა. 

კომენტარები