ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის გახსნაზე, რომელიც ირანის სარაკეტო იერიშიდან მალევე დაინიშნა, განაცხადა, რომ ირანმა "ამაღამ დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის ის საფასურს გადაიხდის".
ნეთანიაჰუს თქმით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ წამოწყებული სარაკეტო იერიში "წარუმატებლად დამთავრდა".
"ეს [თავდასხმა] შეჩერდა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რაც მსოფლიოში ყველაზე განვითარებულია". - თქვა ისრაელის პრემიერმა და ასევე აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ირანში რეჟიმს არ ესმის თავდაცვაში ჩვენი მიზანდასახულობა და ჩვენი შეუპოვრობა მტრების წინააღმდეგ პასუხის გაცემაში". - ამბობს ნეთანიაჰუ და ამატებს, რომ ჰამასის ლიდერს, იაჰია სინვარს, დაჯგუფების სამხედრო ფრთის მეთაურს, მოჰამედ დეიფს, ჰეზბოლას ლიდერს, ჰასან ნასრალასა და ამავე დაჯგუფების უფროს მეთაურს, ფუად შუკრს ასევე "არ ესმოდათ ეს".
"ვინც თავს გვესხმის, ჩვენც დავესხმებით თავს". - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მსოფლიოს "ნათელ ძალებს" ირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ისრაელის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ირანმა მათი მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო. ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.
IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.