ერაყში ირანის მარიონეტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 1-ელ ოქტომბერს განაცხადეს, რომ თუკი აშშ შეუერთდება ისრაელის პასუხს ირანის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმაზე, მაშინ ერაყსა და რეგიონში ამერიკული ბაზები მათი სამიზნე გახდება.
ისრაელის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ირანმა მათი მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო. ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.
IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "აქტიური განხილვა" მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როგორი პასუხი უნდა გასცეს ისრაელმა ირანს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემდეგ.
ამასთანავე, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის გახსნაზე, რომელიც ირანის სარაკეტო იერიშიდან მალევე დაინიშნა, განაცხადა, რომ ირანმა "ამაღამ დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის ის საფასურს გადაიხდის".
"ვინც თავს გვესხმის, ჩვენც დავესხმებით თავს". - თქვა ისრაელის პრემიერმა და მსოფლიოს "ნათელ ძალებს" ირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.