ისრაელი სამხრეთ ლიბანში მდებარე 25 სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერი, ავიჩაი ადრაე ავრცელებს.
გავრცელებულ ჩანაწერში ადრაე ასახელებს იმ სოფლებს, რომელთა მოსახლეობასაც ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ისრაელის სამხედროებს არ სურთ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეუქმნან ან ზიანი მიაყენონ.
ამასთან, ადრაეს თქმით, ნებისმიერი სახლი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, სავარაუდოდ, სამიზნე გახდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაემართონ მდინარე ავალის ჩრდილოეთით და დაელოდონ შეტყობინებას იმის შესახებ, თუ როდის იქნება სახლში დაბრუნება უსაფრთხო.
1 ოქტომბრის დილიდან ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული და ლოკალური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია "ჩრდილოეთის ისრები" ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გაგრძელდება. ასევე ხაზგასმულია, რომ სახმელეთო ძალები საჰაერო ძალებისა და არტილერიის მაღალი სიზუსტის დარტყმებით მხარდაჭერას იღებენ.
ოპერაციის დაწყებამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა აშშ-ს ლიბანში რიგი მცირემასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ შეატყობინა.
სექტემბერში ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.





