შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ინგლისურენოვან პოსტში ენმ-ს აკრძალვასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხმიანება და წერს, რომ პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, უცხო არ არის.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარტიის აკრძალვის პროცედურას და ენმ-ს აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. პაპუაშვილი უცხოელ პარტნიორებს მოუწოდებს, ენდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და "ფრთხილად მოიქცნენ ქართულ მართლმსაჯულებასთან დამოკიდებულებაში, რათა არ შეიქმნას აღქმა, რომ ისინი მართლმსაჯულებაში და ამგვარად დემოკრატიულ პროცესშიც ერევიან".
"გერმანიის მსხვილი პარტიების გადაწყვეტილება, აკრძალონ ქვეყანაში სიდიდით მეორე მხარდაჭერის მქონე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), ცხადყოფს მიკერძოებას, თუ არა ფარისევლობას, რომელსაც დასავლეთის ზოგიერთი პარტნიორი ავლენს საქართველოს მთავრობის მიმართ, მათ შორის გერმანიაში.
გერმანიაში, სოციალ-დემოკრატებს და მწვანეებს, სხვა თანამოაზრე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, სურთ მიმართონ ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს AfD-ის აკრძალვის მოთხოვნით, ამ უკანასკნელის მიერ გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის შელახვის საფუძველზე.
ეს უცხო არც სხვა ქვეყნებშია. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 37 ევროპული დემოკრატიიდან 20-მა აკრძალა 50-ზე მეტი პარტია 1945-2015 წლებში (Bourne/Casal). უკრაინამ ადრე აკრძალა კომუნისტური პარტია და, ახლახან, დაშალა პარტიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის დემოკრატიას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოლდოვამ, აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ერთმა ქვეყანამ, ასევე აკრძალა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული საკონსტიტუციო წესრიგისთვის უშუალო საფრთხის გამო".
ჩვენი პარტია "ქართული ოცნება" ჩვენს ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მივმართავდით საკონსტიტუციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თხოვნით.
დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგიების მიუხედავად, ჩვენი განზრახვა ფართოდ გააკრიტიკეს ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა. ეს მოხდა მაშინაც, როცა ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა შეესაბამება კანონს, ჰქონდა პრეცედენტები დემოკრატიულ საზოგადოებებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერით მოსახლეობაში. კონსტიტუციის დამრღვევი პარტიის აკრძალვის სამართლებრივი პროცედურების დაწყება დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალური პროცესია და ასე უნდა იქნას მიღებული და არა აუცილებლად დემოკრატიის "უკან დახევის" ან "უკუსვლის" ნიშნად, რაც ჩვეულებრივ მზა კლიშედ გამოიყენება ჩვენი უცხოელი ოპონენტების მიერ ქართულ პოლიტიკაზე კომენტირებისას.
საქმე კიდევ უფრო პარადოქსულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ AfD-ს გერმანიაში ძალაუფლება არასოდეს ჰქონია. ლოგიკურად, მათი ერთადერთი სავარაუდო დანაშაული მათი რიტორიკა ან გეგმებია. მაშინ, როცა საქართველოს შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა ცხრა წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევით გაითქვა სახელი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში "სისტემური ძალადობისა და წამების" არსებობა. საკვანძო სიტყვა აქ არის "სისტემა", ანუ წინასწარ გააზრებული, შეგნებულად აგებული სტრუქტურა ჩაგვრისა და დაშინების მიზნით, მასიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით. ამ მძიმე დანაშაულისთვის სასამართლომ 40-მდე მაღალჩინოსანი გაასამართლა, მათ შორის თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ერთი ყოფილი პრემიერი და ხუთი ყოფილი მინისტრი.
უფრო მეტიც, ოპოზიციაში ყოფნისას, ნაციონალური მოძრაობა განუწყვეტლივ პირობას დებს, რომ გაიმეორებს ამ დარღვევებს მათი ოპონენტების მიმართ, თუ ისინი ოდესმე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. როგორც ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა გამოირჩეოდა, სამწუხაროდ, როგორც რადიკალური პოლიტიკური ძალა, რომელიც განუწყვეტლივ ითხოვდა ლეგიტიმური ხელისუფლების არალეგიტიმური საშუალებებით ჩამოგდებას, უარს ამბობდა 2012 წლიდან მოყოლებული ყოველი არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებაზე და აფრქვევენ ყველაზე ტოქსიკურ და პოლარიზაციის წამახალისებელ პოლიტიკურ რიტორიკას, დანარჩენ რადიკალურ პარტიებთან შედარებითაც კი.
საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მკაფიო კრიტერიუმებს იძლევა. მასში ნათლად არის ნათქვამი: "დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით".
ჩვენ, ქართული ოცნება, დარწმუნებული ვართ მომავალ არჩევნებში აბსოლუტურ გამარჯვებაში. როგორც ჩვენს ხალხს შევპირდით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის სამართლებრივი პროცედურის დაწყება იქნება. ჩვენს კონსტიტუციას ამ მხრივაც აქვს მკაფიო მითითებები: "პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით". როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენს პარტიასაც აქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, წამოიწყოს ეს სამართლებრივი დავა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ხელშია.
ქართულმა სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და ობიექტურობა სადავო საქმეების განხილვისასაც (განსაკუთრებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, სააკაშვილის, გვარამიას, ახალაიას, მელიას და ა.შ.), როდესაც ქართველ მოსამართლეებს ცილი დასწამეს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში ძალაში დატოვა საქართველოს სასამართლოს თითოეული სადავო გადაწყვეტილება.
უცხოელი პარტნიორების მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, სიფრთხილით მოეკიდონ საქართველოს სასამართლო პროცესებში ჩარევას, რათა არ შეიქმნას აღქმა, რომ ისინი მართლმსაჯულებაში და ამგვარად დემოკრატიულ პროცესშიც ერევიან. ამიტომ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი საზოგადოება და უცხოელი პარტნიორები სრულად უნდა ენდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას, რაც, ჩემი აზრით, ჩვენი პოლიტიკური სისტემის გამოჯანმრთელების დასაწყისი იქნება". - წერს პაპუაშვილი.
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, "რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".
23 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება, მკაფიო ჩამონათვალით უპასუხა: ენმ, ახალი, გირჩი, დროა, ლელო და გახარია საქართველოსთვის.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება დასავლეთს საქართველოში ერთპარტიულად დარჩენილ პარლამენტზე და შეუშლის თუ არა ეს ხელს ევროინტეგრაციას, პრემიერი პასუხობს, რომ მოლდოვის პარლამენტის ერთპარტიულობაზე არავინ არაფერს ამბობს და იგივე განმეორდება საქართველოშიც.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

