ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაცია ლიმიტირებული და ლოკალური იქნება.
"ჩვენი პოლიტიკური ეშელონის რამდენიმე საათის წინანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული სამიზნეებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაიწყო ლიმიტირებული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო რეიდები, რომლებიც ეფუძნება ზუსტ სადაზვერვო ინფორმაციას. ეს სამიზნეები მდებარეობს სოფლებში, რომლებიც საზღვრის მახლობლად მდებარეობს და წარმოადგენს დაუყოვნებელ საფრთხეს ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე კომუნებისთვის." – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია "ჩრდილოეთის ისრები" ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გაგრძელდება. ასევე ხაზგასმულია, რომ სახემელეთო ძალები საჰაერო ძალებისა და არტილერიის მაღალი სიზუსტის დარტყმებით მხარდაჭერას იღებენ.
აქამდე, რამდენიმე დასავლურმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავდა.
მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა აშშ-ს ლიბანში რიგი მცირემასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ შეატყობინა.
გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე 12 მათგანი მოკვდა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა ჯგუფი. 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა. ეს ჯგუფისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.
ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმისა და ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ისრაელზე იერიშების ჰეზბოლას მხრიდან გავრცელდა. ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ფაქტობრივად აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა, ჰეზბოლამ ისრაელზე უფრო მასობრივი იერიშების მიტანა სცადა და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თავდაპირველად ამ ჰანიას მკვლელობაზე შურისძიების პირობას ირანიც დებდა, თუმცა საბოლოოდ მათი რიტორიკა შერბილდა და იერუსალიმის წინააღმდეგ მასშტაბური საპასუხო მოქმედებები არ დაუწყიათ.





