დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ნეთანიაჰუ გაეროში: ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელი რამდენიმე ფრონტზე იმარჯვებს და დაამატა, რომ ისრაელს შეუძლია, ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ ნაწილში ირანსა და მის მარიონეტულ დაჯგუფებებს თავს დაესხას.

ნეთანიაჰუს გამოსვლის დაწყებამდე დელეგატების ნაწილმა გაეროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ისრაელის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას "გაეროზე მორალური ლაქა" უწოდა იმ ფაქტს, რომ ორგანიზაციაში ისრაელის გამოცალკევება მიმდინარეობს. მწვავე გამოსვლაში მან გაეროს "ანტისემიტური ნაღვლის ჭაობი" და "ანტი-ისრაელური ბრტყელი დედამიწის საზოგადოება" უწოდა.

ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერ მცდარ ბრალდებას უმრავლესობის მოპოვება შეუძლია, კერძოდ, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაერომ ისრაელის წინააღმდეგ 174 რეზოლუცია მიიღო, რაც დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციების რაოდენობას თითქმის ორჯერ აღემატება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ მისი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის, წინააღმდეგ დაკავების ორდერების მოწოდებებს ეხმაურება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებს ანტისემიტიზმი ამოძრავებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ნამდვილი ომის დამნაშავეები ღაზაში, სირიაში, ირანსა და იემენში არიან. მაგრამ, იგი ასევე ამატებს, რომ "ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ არჩევანი არ გვაქვს".

კომენტარები