აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამ წევრს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაზე კიბერ თავდასხმის მოწყობისთვის ბრალი წარუდგინა.
აშშ-ს გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის თქით, IRGC-ს წევრებმა, მასუდ ჯალილიმ, სეიედ ალი აღამირიმ და იასარ ბალაღიმ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ძირის გამოთხრა სცადეს.
ამის შესახებ გარლანდმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში ირანის მხრიდან მზარდად აგრესიულ კიბერ-აქტიურობას ვხედავთ". - თქვა გარლანდმა.
გარდა ამისა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბრალდებულებს IRGC-ს სხვა რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად სანქციები დაუწესა.
ჯალილის, აღამირისა და ბალაღის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ტელეფონითა და კომპიუტერით ჩადენილ თაღლითობასა და პირადი მონაცემების ქურდობას მოიცავს.
საბრალდებო აქტის თანახმად, ბრალდებულებმა ელ-ფოსტის ყალბი ანგარიშებით ტრამპის საარჩევნო კამპანიის რამდენიმე წარმომადგენელს თავი სანდო წყაროდ მოაჩვენეს და მავნებელ ბმულებზე გადაიყვანეს, რომლითაც ამ პირების ელ-ფოსტა და კამპანიის არასაჯარო დოკუმენტები მოიპარეს.
მოგვიანებით, ჰაკერებმა ეს ინფორმაცია მედიასა და ჯო ბაიდენის კამპანის გაგუზავნეს.
როგორც გარლანდმა აღნიშნა, მართალია, ბრალდებულები ამჟამად ირანში იმყოფებიან, მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტს აშშ-ს საზღვრებს გარეთ მყოფი ბრალდებულები აქამდე უკვე დაუკავებია
"ამ ხალხს მათი ცხოვრების ბოლომდე გავყვებით". - თქვა გარლანდმა.
მანამდე, 19 სექტემბერს, აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და დაზვერვის სამსახურმა გაავრცელეს ცნობა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის კამპანიიდან მოპოვებული არასაჯარო ინფორმაცია ჯო ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებს გაუგზავნეს.
20 აგვისტოს აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა დაადასტურეს, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმა ირანმა მოაწყო
მანამდე, Politico-მ, The New York Times-მა და Washington Post-მა განაცხადეს, რომ ანონიმური გზით ტრამპის კამპანიის დოკუმენტები მიიღეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
10 აგვისტოს ტრამპის კამპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. განცხადებაში ირანის შესაძლო ჩართულობაზე მიუთითეს და მოიყვანეს Microsoft-ის ანგარიში, სადაც წერია, რომ 2024 წლის ივნისში ირანელმა ჰაკერებმა აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტაზე "მატყუარა" შეტყობინება გააგზავნეს.





