დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ბლინკენის თქმით, ლიბანში ისრაელის მოქმედებების მიზნები მნიშვნელოვანი და ლეგიტიმურია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
Photo by Amos Ben-Gershom/GPO

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის მიზნები "მნიშვნელოვანი და ლეგიტიმურია".

მისი თქმით, ისრაელი ისეთ "გარემოს ქმნის, რომელიც საკმარისად უსაფრთხოა, რათა ხალხმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლოს".

"ისრაელს ტერორიზმის წინააღმდეგ თავის დაცვის უფლება აქვს", - თქვა ბლინკენმა, თუმცა დაამატა, რომ "მნიშვნელოვანია, ამას როგორ გააკეთებს".

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, მომდევნო დღეებში ყველა მხარის მიერ გაკეთებული არჩევანი რეგიონის მომავალს გადაწყვეტს და იგი ვითარების დიპლომატიური გზით გადაჭრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

27 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

გამოცემა Axios-ის ისრაელურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.

19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო.

მოგვიანებით, 25 სექტემბერს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა მოკავშირეებმა ჰეზბოლასა და ისრაელს ლიბანი-ისრაელის საზღვართან მყისიერად 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს. თუმცა, მოგვიანებით ისრაელმა ჰეზბოლასთან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების წინადადება უარყო.

კომენტარები