საქართველო-აშშ

მიწვევის გაუქმება იყო ბავშვური ნაბიჯი, აშშ-ს გაბუტვა არ შეშვენის - კობახიძე

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბაიდენის ვახშამზე მისთვის მისაწვევის გაუქმებას "ბავშვური ნაბიჯი" უწოდა და თქვა, რომ "გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის" აშშ-ს.

"რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი, აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის მას. ამ შეხვედრას ესწრებოდა ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მიწვევას - ამაზე თავად გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები.

[...] მას შემდეგ რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, ერთად წავედით, ბატონ დავით ზალკანიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად". - თქვა კობახიძემ.

25 სექტემბერს აშშ-ს საელჩომ საქართველოში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა, ხოლო საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი თქვა.

გადაწყვეტილების მიზეზად საელჩომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დაასახელა.

კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე თავდაპირველად ინფორმაცია ამერიკის ხმამ გაავრცელა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული დაადასტურა და თქვა - "მე როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა".


​​​​​​​აშშ-ს საელჩოს მიერ ოფიციალური განმარტების გაკეთებამდე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკიც და თქვა, რომ გადაწყვეტილება "პოლიტიკური დემარშია" და ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი არ არის.

კომენტარები