ევროპარლამენტის არჩევნების დასრულებისა და ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ბრიუსელში ამჟამად ძირითად აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარებს. ეს მეტწილად 27-წევრიანი ევროკომისიის დაკომპლექტებას გულისხმობს.
ევროკომისია ბლოკის აღმასრულებელი პოლიტიკის ძირითადი ცენტრია და ის თითოეული წევრი ქვეყნიდან ერთი წარმომადგენლით - კომისრით კომპლექტდება. ხელმძღვანელის ადგილს პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში გერმანელი ფონ დერ ლაიენი იკავებს და თითოეული ქვეყნის მთავრობისგან კანდიდატების სიის მიღების შემდეგ, ისვე წარადგენს 26 წევრს. კომისრების პორტფელები მრავალშრიანია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ვაჭრობა, თავდაცვა, ჯანდაცვა, ინოვაციები, გარემოს დაცვა და სხვა.
საქართველოსა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ყველაზე საინტერესო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პორტფელი და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის (კომისიის ვიცეპრეზიდენტი) თანამდებობაა. სწორედ ეს ორი კომისარი განსაზღვრავს და ხელმძღვანელობს მონიტორინგის პროცესს მომავალი წევრების პროგრესის შესახებ, რეაგირებს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და შესაბამისად, სწორედ მათ ეყრდნობიან წევრი სახელმწიფოების ლიდერები ინტეგრაციის გზაზე წინსვლის (არ) მხარდაჭერის დროსაც.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კაია კალასი, ხოლო გაფართოების საკითხებში ევროკომისრად სლოვენიელი დიპლომატი, მარტა კოსი წარადგინა. კანდიდატებს ჯერ კიდევ წინ აქვთ მოსმენა ევროპარლამენტში და საბოლოო კენჭისყრა, თუმცა ბრიუსელში ელიან, რომ ამ ორ თანამდებობას სწორედ ეს კანიდატები დაიკავებენ.
გაფართოების ევროკომისარი
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი პასუხისმგებელია კანდიდატი და პოტენციური წევრი ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის მონიტორინგზე, ხელშეწყობასა და პროცესების ფასილიტაციაზე. კომისარი თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს და შესაბამისად, სწორედ ახლა არჩეული სახე წარმართავს არამარტო საქართველოს, არამედ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის უმნიშვნელოვანეს ეტაპებს გაწევრიანების გზაზე.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლაიენმა წევრი ქვეყნების ლიდერებს მოსთხოვა, რომ კომისრის თანამდებობაზე ორი - კაცი და ქალი კანდიდატები წარედგინათ. მოთხოვნა წარმატებული არ ყოფილა, მომავალ ევროკომისიაში გენდერული ბალანსი წინა შემადგენლობაზე უარესი იქნება. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ლაიენი ქვეყნებს, რომლებიც ქალ კანდიდატებს მეტად დაუჭერდნენ მხარს, “უფრო ამბიციურ” პორტფელებს დაჰპირდა.
ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან ევროკომისრობის კანდიდატად კოსი სლოვენიის მთავრობის პირველი არჩევანი არ ყოფილა. სავარაუდოდ, ლაიენის თხოვნით, წარდგენის წინა დღეებში კოსმა ტომაჟ ვესელი ჩაანაცვლა და შესაბამისად, სლოვენიისთვის გაიზარდა შანსები, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტფელი სწორედ მათ მიეღოთ.
მიუხედავად ბრიუსელისთვის დამახასიათებელი ამ ჩვეული პოლიტიკური “ინტრიგებისა” კოსი აკმაყოფილებს ლაიენის მიერ აქამდე გაცხადებულ საჭიროებას, რომ ევროკომისიის გუნდში რამდენიმე გამოცდილი დიპლომატია საჭირო.
ყოფილმა ჟურნალისტი, მარტა კოსი 2020 წლამდე გერმანიასა და შვეიცარიაში სლოვენიის ელჩის თანამდებობას იკავებდა. პოზიციის დატოვების მიზეზი თანამშრომლების მიერ არასათანადო მენეჯმენტის შესახებ საჩივრები იყო.
“ის იმუშავებს უკრაინის მხარდასაჭერად, გააგრძელებს საქმიანობას რეკონსტრუქციაზე და მხარს დაუჭერს კანდიდატ ქვეყნებს, რათა მოემზადონ გაწევრიანებისთვის” - თქვა ლაიენმა კანდიდატების წარდგენის შემდეგ, თუმცა ბევრისთვის ასევე არსებობს ეჭვები კოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით.
მიიჩნევა, რომ კოსი, სლოვენიის ხელისუფლების მსგავსად, ზოგადად უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა ის ასევე ბევრს ახსოვს რუსეთის შესახებ შემრიგებელი ტონის მქონე განცხადებების გამო.
"ჩვენ კრიტიკულები უნდა ვიყოთ რუსეთის მიმართ, მაგრამ არ დავხუროთ კარი რუსეთთან" - თქვა კოსმა 2022 წლის მარტში, ჯერ კიდევ ომის დასაწყისში.
სამუშაოს სენსიტიურობიდან გამომდინარე, კოსის სიტყვები უკრაინის შესახებ უკვე მოექცა და კიდევ აუცილებლად მოექცევა ყურადღების ცენტრში, როდესაც მომდევნო თვეებში ევროპარლამენტი კანდიდატებს მოუსმენს.
წლების განმავლობაში პარლამენტს არაერთხელ არაერთი კანდიდატი დაუწუნებია ევროკომისრობის პოსტზე. 2004 წლიდან მოყოლებული ევროპარლამენტი ყოველ ახალ კომისიაში მინიმუმ ერთი კანდიდატს მაინც იწუნებდა და მხარს არ უჭერდა. შესაბამისად, სხვა რამდენიმე სკანდალურ სათაურთან ერთად პარლამენტში მარტა კოსის მოსმენა მარტივად ნამდვილად არ ჩაივლის.
წარდგენას კოსი თავადაც გამოეხმაურა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ინტენსიურ მუშაობას დაჰპირდა.
“უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთს ევროპული პერსპექტივა აქვთ. როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ვაპირებ ინტენსიურად ვიმუშაო ამ ქვეყნებთან, გავაღრმაო ჩვენი საერთო ღირებულებები და მხარი დავუჭირო მათ რეფორმებს, რათა ეს პერსპექტივა ევროკავშირის წევრობად იქცეს”. - დაწერა მარტა კოსმა.
არჩევის შემთხვევაში კოსი თანამდებობაზე უნგრელ ოლივერ ვარჰეის ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის ევროკომისრის თანამდებობაზეა წარდგენილი. უნგრეთის მთავრობამ ვარჰეის კანდიდატურა ისევ გაფართოების კომისრად წარადგინა, თუმცა აშკარაა, რომ ლაიენის კომისიას უნგრეთისთვის მსგავსი მნიშვნელოვანი პორტფელის ჩაბარება აღარ სურს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებასთან “თბილი ურთიერთობის” გამო უნგრელ ვარჰეის საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა და ეს ორბანის მხარდაჭერაშიც აისახებოდა, სანამ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ის მკვლელობის მუქარაში არ “დაადანაშაულა”.
შესაბამისად, საქართველოსა და გაფართოების ევროკომისარს შორის ურთიერთობა საკმაოდ ჩახლართულია. სავარაუდოა, რომ ზოგად პოლიტიკაში ცვლილება არ იქნება და კოსიც არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტი ლაიენის წინა და ახალ პოლიტიკას წარმოადგენს. ეს კვლავ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, თუმცა ყველაფერი კვლავ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. ახალი ევროკომისრის მოვალეობა კი სწორი მონიტორინგი და შესაბამის დროს შესაბამისი რეაქციები იქნება.
უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში
ევროკომისიის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტისა და უსაფრთხოების და საგარეო საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კაია კალასი ანაცვლებს.
პოზიციას ხშირად არაოფიციალურად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრსაც უწოდებენ და მოვალეობა კავშირის გარეთ ბლოკის ინტერესების წარდგენას გულისხმობს. თანამდებობა კომისიაში პრეზიდენტის შემდეგ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და თავის მხრივ გაფართოების ევროკომისარიც პასუხს სწორედ უმაღლეს წარმომადგენელთან აგებს.
პროფესიით იურისტი კაია კალასის კანდიდატურა ასევე განიხილებოდა NATO-ს გენერალურ მდივნადაც, რომელიც სწორედ 2024 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, თუმცა ის საბოლოოდ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო სფეროს ერთდროულად იბარებს.
კალასი რუსული და მსგავსი ავტორიტარული რეჟიმების ძლიერი მოწინააღმდეგეა და თავადაც ვლადიმერ პუტინის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. ის ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც წელს ევროკომისიის პორტფელების მოპოვებაში ბალტიის ზღვის ქვეყნები გამარჯვებულად მიიჩნევიან. ესტონელ ვიცეპრეზიდენტ კაია კალასთან ერთად კომისრის პორტფელებს სავარაუდოდ ჩაიბარებენ ლიტველი ანდრიუს კუბილიუსი (თავდაცვა და კოსმოსი), ლატვიელი ვალდის დომბროვისკი (ეკონომიკა) და ფინელი ჰენა ვირკუნენი (ტექნოლოგიები). ეს ასევე ასახავს რეგიონის პოლიტიკურ აქტუალობას, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
რუსეთის მოსაზღვრე 4 ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება საკვანძო პოზიციებზე, რათა კომისიას მუდამ შესაბამისი პასუხი ჰქონდეს მოსკოვის ქმედებებისთვის. თეორიულად სწორედ ამ წრეს უნდა დაემატოს აღმოსავლეთ ევროპელი კოლეგა გაფართოების საკითხებშიც.
კალასი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ის კრიტიკულად აფასებდა ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედებებს, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში და მას ევროკავშირთან დაშორების მცდელობას უწოდებდა.
გავლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და რეკომენდაციებზე
გასულ წელს, რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობისას კაია კალასმა საქართველოს მდგომარეობა შეაფასა როგორც "არჩეულ ლიდერთა ხელებში დემოკრატიის გამოფიტვა". შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კალასის, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პოზიციონირება საქართველოსა და მისი ხელისუფლების ქმედებების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იქნება.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიის ახალი შემადგენლობა, თუმცა ძველი პრეზიდენტით ცუდი ამბავია, მაგალითად, ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და მათი მსგავსი მთავრობებისთვის სხვა კანდიდატ ქვეყნებში, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყნის სწორ განვითარებასა და ინტეგრაციაზე.
კაია კალასი გაფართოების კომისართან და ლაიენის კომისიის პოლიტიკურ დაპირებებთან ერთად რუსეთისკენ მიმავალ ქვეყნებს კარგს არაფერს უქადის, მაგრამ აქტიურად დაუჭერს მხარს საზოგადოებებს, რომლებსაც დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები ექნებათ.
ერთი რამ კი ცხადია, ამჟამად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამის შემობრუნება მეტწილად დმოკიდებული იქნება არა სახეებზე ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებში, არამედ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასა და რეკომენდაციების შესრულებაზე.