26 სექტემბერს პარლამენტთან შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები მსვლელობით მიდიან საზოგადოებლივი მაუწყებელის მიმართულებით და მათგან ითხოვენ პირდაპირ ეთერს, "რომლის საშუალებითაც ექნებათ შუქრუთელებს შესაძლებლობა საზოგადოების კიდევ სხვა და დიდ ნაწილს გააგონონ მათი ხმა" - ამბობს აქციის მონაწილე.
"შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
შუქრუთელები, რომლებიც თბილისში, პარლამენტთან აქციის გასამართად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ, ღამესაც აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უმძიმეს პირობებში ათევენ, ხოლო ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია მათ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ღამეს ღია ცის ქვეშ, წვიმაში ათევენ, ყოველდღიურად მძიმდება და სამედიცინო დახმარებას სულ უფრო და უფრო ხშირად საჭიროებენ.
სოფელ შუქრუთში შექმნილ მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ. გარდა იმისა, რომ მოპოვებითი საქმიანობა საჯარო რეგულირების საგანია და “ჯორჯიან მანგანეზის” შემთხვევაში ლაპარაკია არა რიგით კერძო კომპანიაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზიით აღჭურვილ კორპორაციაზე, დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია 2017 წლიდან სახელმწიფოს მართვაში იმყოფება. მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის პირობები ამ დრომდე შეუსრულებელია, ხელს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აწერს.
აშკარაა, რომ შექმნილი ვითარება, ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს უფრო მძიმე შედეგები და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე 20 დღეზე მეტია შიმშილობენ, კრიტიკულად გაუარესდეს.
შესაბამისად, არსებითია ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დააკმაყოფილოს შუქრუთელების მოთხოვნები და წამოიწყოს პროცესი, რომელიც ადგილობრივების სამართლიანი კომპენსირების გარანტიებს შექმნის". - წერია აქციის აღწერაში.
16 სექტემბერს, პარლამენტის წინ, სოფელ შუქრუთელების სოლიდარობის აქციაზე, აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს, რასაც ომბუდსმენი გამოეხმაურა, მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და ისინი ვალდებულნი არიან მისცენ კარვის გაშლის საშუალება მითუმეტეს, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი შიმშილობს და მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არის.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაიბზარა საცხოვრებელი სახლები და ეკლესია. ასევე, ისინი ირწმუნებიან, რომ კომპანიას ზარალი რამდენიმე თვის წინ უნდა აენაზღაურებინა, თუმცა, პირობა დაარღვია. ჯორჯიან მანგანეზის მტკიცებით კი, ადამიანებს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ და დამატებით თანხებს ითხოვენ.





