ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას 4 თვით აჩერებენ.
ორივე საწარმოში 100%-იანი წილის მფლობელი ჯორჯიან მანგანეზის ცნობით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.
"ამ პირობებში, ჩვენს თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით და სრულად შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ.
გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება. გართულებულ პირობებს კი თან დაერთო მადნის დეფიციტი" - აცხადებს ჯორჯიან მანგანეზი.
კომპანიის მტკიცებით, მათმა კონტრაქტორმა ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება.
"12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა. ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას" - ნათქვამია განცხადებაში.
ჭიათურის მაღაროს განცხადებით კი, საწარმოო პროცესი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო" სრულად გაჩერდა.
"აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს. შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს", - ნათქვამია განცხადებაში.





