ჯორჯიან მანგანეზი

ცქიტიშვილი: შუქრუთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია, მთავრობა უსირცხვილოდ სდუმს!

პარტია გახარია - საქართველოსთვის წევრი და საარჩევნო სიის მე-3 ნომერი, დიმიტრი ცქიტიშვილი სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლების პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა უსირცხვილოდ დუმს, მაშინ, როცა შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია.

"შუქრუთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია, მთავრობა უსირცხვილოდ სდუმს!

თითქმის ერთი თვეა, სოფელ შუქრუთის დაზარალებული მოსახლეობა მთავრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს მიმართეს. მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.

სოფლის მოსახლეობის ნაწილი, სახელმწიფოს მართვაში მყოფი "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის გამო, უსახლკაროდ დარჩა, მიზეზი - მათი საცხოვრებელი გარემოს მკვეთრი გაუარესებაა. რამდენიმე თვეა, ისინი კომპანიასთან 3 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულებას და კომპენსაციების მიღებას უშედეგოდ ითხოვენ, მაგრამ "ჯორჯიან მანგანეზმა" მათთან მოლაპარაკებას საკითხით მანიპულირება არჩია.

კომპანიისგან იგნორირებული მოსახლეობის მიმართვას არაფრად აგდებს მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა. შუქრუთელები 31-დღეა შიმშილობენ, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანაც კი აუცილებელი გახდა, დანარჩენები კი, მათ შორის ქალები, ღამეს პარლამენტთან, სიცივეში ათენებენ.

საქართველოს მთავრობა უსირცხვილოდ სდუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთი მხრივ, სოფელ შუქრუთში სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი - ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია საცხოვრებლად. მეორე მხრივ კი - სულ უფრო მძიმდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. "ჯორჯიან მანგანეზის" არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება.

როგორც არ უნდა ეცადოს საქართველოს მთავრობა და წარმოაჩინოს ეს პროტესტი, მხოლოდ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავად, მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.

მოვუწოდებთ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეწყვიტოს უმოქმედობა და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ჯანმრთელობა, ვიდრე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სასწრაფოდ ჩაერთონ პროცესში და უზრუნველყონ საკითხის სამართლიანი და გამჭვირვალე დარეგულირება.

სახელმწიფო პასუხისმგებელია შუქრუთელების უსაფრთხოებაზე, მათი გამოხატვის თავისუფლებასა და მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვაზე". - ნათქვამია ცქიტიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე შუქრუთელების მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება.


სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაიბზარა საცხოვრებელი სახლები და ეკლესია. ასევე, ისინი ირწმუნებიან, რომ კომპანიას ზარალი რამდენიმე თვის წინ უნდა აენაზღაურებინა, თუმცა, პირობა დაარღვია. ჯორჯიან მანგანეზის მტკიცებით კი, ადამიანებს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ და დამატებით თანხებს ითხოვენ.

16 სექტემბერს, პარლამენტის წინ, სოფელ შუქრუთელების სოლიდარობის აქციაზე, აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს, რასაც ომბუდსმენი გამოეხმაურა, მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და ისინი ვალდებულნი არიან მისცენ კარვის გაშლის საშუალება მითუმეტეს, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი შიმშილობს და მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არის.

კომენტარები