ისრაელმა ჰეზბოლასთან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების წინადადება უარყო, რომელიც მანამდე მოკავშირეებმა, მათ შორის, აშშ-მ, წამოაყენეს.
25 სექტემბერს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა მოკავშირეებმა ჰეზბოლასა და ისრაელს ლიბანი-ისრაელის საზღვართან მყისიერად 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს.
"[ისრაელის] ჩრდილოეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება". - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა X-ზე: "მთელი ჩვენი ძალით ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ და ჩრდილოეთში თავიანთ სახლებში მცხოვრებლებს არ დავაბრუნებთ".
19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო.
IDF-ის ცნობით, ბოლო დღეებში ისრაელმა ჰეზბოლას 1 600 სამიზნეზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისინი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ ააშენა.
ამასთანავე, 25 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის მეთაურმა, გენერალმა ჰერცი ჰალევიმ ჯარისკაცებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ჰეზბოლას სამიზნეებზე მიტანილი საჰაერო იერიშების დანიშნულება "თქვენი [ჯარისკაცების] შესაძლო შესვლისთვის ნიადაგი მომზადდეს და ჰეზბოლას დასუსტება გაგრძელდეს".





