აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნებმა ირანის მხრიდან მისი პოტენციური მკვლელობის საფრთხეებზე დეტალები გააცნეს.
"პრეზიდენტ ტრამპს ცოტა ხნის წინ ეროვნული დაზვერვის დირექტორის უწყება ესაუბრა ირანის მხრიდან მისი მკვლელობის [მცდელობასთან] დაკავშირებით რეალურ და კონკრეტულ საფრთხეებზე, რისი მიზანიც აშშ-ს დესტაბილიზაცია და ქაოსის დათესვაა". - განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბმა.
განცხადების მიხედვით, აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნებმა ბოლო პერიოდში ირანის მხრიდან გაზრდილი საფრთხეები შეამჩნიეს, თუმცა, ამერიკის მთავრობაში ტრამპის დასაცავად და არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებისთვის მუშაობენ.
ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრება. აშშ-ს მთელი არმია აკვირდება და ელოდება. ირანმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რომლებიც წარუმატებელი იყო, მაგრამ ისინი კიდევ შეეცდებიან". - წერს ტრამპი.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში უფრო მეტი შეიარაღებული პირებით არის გარშემორტყმული, ვიდრე მანამდე. გავრცელებულ პოსტში ტრამპი ასევე აშშ-ს კონგრესს, საიდუმლო სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდისთვის, მადლობას უხდის.