იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 სექტემბერს რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, 2019 წლის შემდეგ პირველად, იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია და იაპონიის გამანადგურებლებმა პირველად გამოიყენეს გამაფრთხილებელი რაკეტები.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის, მინორუ კიჰარას ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსულმა Ил-38 ტიპის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავმა აშკარად დააიგნორა რადიო შეტყობინებები, გამაფრთხილებელი რაკეტების გასაშვებად ჰაერში F-15 და F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების დაუზუსტებელი რაოდენობა აფრინდა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის თქმით, 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსულმა Ту-95 ტიპის ბომბდამშენმა იაპონიის სივრცე სამხრეთ ოკინავაში და ტოკიოს სამხრეთით მდებარე იზუს კუნძულების გარშემო დაარღვია, ეს იყო პირველი შემთხვევა რუსული თვითმფრინავის იაპონიის საჰაერო სივრცეში შესვლის.
კიჰარას ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავმა ქვეყნის მთავარი კუნძულის, ჰოკაიდოს მახლობლად, რებუნის კუნძულის ცაზე ამ მხარეს ხუთსაათიანი ფრენის განმავლობაში სამჯერ დაარღვია იაპონიის საჰაერო სივრცე.
კიჰარას თქმით, სასიგნალო რაკეტების გამოყენება ლეგიტიმური პასუხია საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში და იაპონია "მათ მომავალშიც უყოყმანოდ გამოიყენებს".
"საჰაერო სივრცის დარღვევა უკიდურესად სამწუხარო ფაქტია და დღეს ჩვენ დიპლომატიური არხებით ძალიან სერიოზული პროტესტი გამოვუცხადეთ რუსეთის მთავრობას და მტკიცედ მოვუწოდეთ მათ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს".- თქვა კიჰარამ.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მოუწოდა ოფიციალურ პირებს, რომ "მტკიცედ და მშვიდად" უპასუხონ ინციდენტს და ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან.
"ჩვენ თავს შევიკავებთ ამ ქმედების განზრახვებისა და მიზნების შესახებ რაიმე საბოლოო ინფორმაციის გამჟღავნებისგან, თუმცა რუსი სამხედროები უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის მახლობლადაც". - თქვა კაბინეტის მთავარმა მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ.





