ირანი

Reuters: ირანის გვარდია ყველა საკომუნიკაციო მოწყობილობის გამოყენებას კრძალავს

ncr-iran.org

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარულმა ქვედანაყოფმა (IRGC) ყველა წევრისთვის ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას ლიბანში ჰეზბოლას და მისი მოკავშირეების საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას მოყვა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედია Reuters ირანის უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა. მისი თქმით, IRGC  ყველა, არამხოლოდ საკომუნიკაციო აღჭურვილობის, შემოწმების ფართომასშტაბიან ოპერაცია აწარმოებს.  წყაროს ცნობით, ამ მოწყობილობების უმეტესობა ან თვითნაკეთი, ან იმპორტირებული იყო ჩინეთიდან და რუსეთიდან.

ირანის წარმომადგენელმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგალითად, როგორ იგეგმება IRGC-ის ძალებს შორის კომუნიკაცია. ცნობისთვის, ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარულ ქვედანაყოფში 190,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

"ამჟამად ჩვენ ვიყენებთ შეტყობინებების გაგზავნის დაშიფრულ (end-to-end encryption) მეთოდს". - ამბობს წყარო. მისივე თქმით, IRGC-ის ოფიციალურმა პირებმა ტექნიკური შეფასებისთვის ჰეზბოლას მიმართეს და რამდენიმე აფეთქებული მოწყობილობა ირანელ ექსპერტებს გამოსაკვლევად თეირანში გაუგზავნეს.

 მეორე ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ისლამური რესპუბლიკის მთავარი საზრუნავი  ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო, განსაკუთრებით მიწისქვეშა, ობიექტების დაცვაა.

მისი თქმით "გასული წლიდან, ამ ობიექტების უსაფრთხოების ზომები  მნიშვნელოვნად გაიზარდა"- მას შემდეგ რაც ირანის ხელისუფლებამ 2023 წელს ირანის სარაკეტო პროგრამის საბოტაჟის მცდელობა ისრაელს დააბრალა.

"უსაფრთხოების უკიდურესი ზომები არასდროს ყოფილა ისეთი მკაცრი, როგორიცაა ახლა". - თქვა ირანულმა წყარომ.

17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შარვლების ჯიბეებიდან კვამლი დაინახეს, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა.

მაღალჩინოსნების ცნობით, აფეთქებები მაღაზიებში, სახლებსა და მანქანებში ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო არანაკლებ 2 700 დაიჭრა. ჰეზბოლამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს მათი, სულ მცირე, რვა მებრძოლი დაიღუპა.

ჰეზბოლაში პეიჯერებს მრავალი წელია იყენებენ, რისი მიზანიც ერთმანეთისთვის გაგზავნილი მესიჯების გატეხის გართულებაა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 15:30 საათზე, პეიჯერებმა მესიჯი მიიღეს, რომელიც თითქოს ჰეზბოლას ლიდერებისგან მოდიოდა. აფეთქებამდე კი მათ რამდენიმე წამით ხმოვანი სიგნალის გამოცემა დაიწყეს.

18 სექტემბერს კი ლიბანში ჰეზბოლას მიერ გამოყენებული პორტატიული რაციებიც აფეთქდა.გამოცემა Reuters-ის უსაფრთხოების წყაროს თქმით, რაციები ჰეზბოლამ ხუთი თვის წინ შეისყიდა, დაახლოებით იმ დროს, როდესაც ორგანიზაციამ პეიჯერები იყიდა.

კომენტარები