30 ევროპარლამენტარი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ისინი საქართველოში მომავალი არჩევნების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ევროკავშირს საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
განცხადება X-ზე ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა გაავრცელა.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მომავალი არჩევნები არა მხოლოდ საქართველოს მომავლისთვის, არამედ რეგიონში ევროკავშირის მომავალი პოლიტიკისთვის გარდამტეხი მომენტია. მათ ასევე ხაზი გაუსვეს რუსულ კანონსა და ქართული ოცნების ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რაც, მათი თქმით, 2024 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბების მხრივ საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს. განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ამის გამო ევროკავშირმა არჩევნების სადამკვირვებლო პროცესი უნდა გააძლიეროს.
განცხადების ხელმომწერები არჩევნების დემოკრატიულობის დარღვევის შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებსაც განიხილავენ და მოუწოდებენ, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის ფინანსური დახმარება შეწყდეს, მნიშვნელოვანი პირები დასანქცირდნენ, წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ფორმალურად გადაიხედოს და ნათელი კომუნიკაცია არა მხოლოდ მთავრობასთან, არამედ მოსახლეობასთანაც შედგეს.
იხილეთ სრული ტექსტი:
ძვირფასო კომისარო ვარჰეი,
ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები გწერთ, რათა საქართველოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან მტკიცე, ძლიერი პასუხის საჭიროებას გავუსვათ ხაზი. მოგიწოდებთ, ნათლად განაცხადოთ, რომ დემოკრატიულ პროცესში ნებისმიერი სახის ჩარევა ან ძირის გამოთხრა მყისიერ და მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ეს არჩევნები არ წარმოადგენს მხოლოდ ეროვნულ საკითხს საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლელ პარტნიორებთან ევროკავშირის ურთიერთობაში გადამწყვეტი მომენტია, განსაკუთრებით რეგიონში გავლენისთვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურ შეჯიბრს თუ გავითვალისწინებთ.
საქართველოს ევროპისა და აზიის გასაყარზე უნიკალური პოზიცია უკავია და მის პროევროპულ მისწრაფებებს - რაც არეკლილია ქართველთა 80%-ის მიერ, რომლებიც ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერენ - ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ავტორიტარული ზომების
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოური გავლენის კანონის აღდგენა, რომელიც NGO-ებს, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, აიძულებს, რომ „უცხოურ აგენტებად“ რეგისტრირდნენ. მართალია, ეს კანონმდებლობა პროტესტებისა და საერთაშორისო დაგმობის შემდეგ წინა წელს გაიწვიეს, თუმცა ის ახალი ფორმით კვლავ გამოჩნდა. კანონის მიღების დრო - ზუსტად ოქტომბრის არჩევნებამდე - სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ ის ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის სტიგმატიზებასა და დაკნინებას, რომელთა დიდმა ნაწილმაც დემოკრატიული ღირებულებებისა და გამჭვირვალობის ხელის შეწყობაში საკვანძო როლი შეასრულა.
მართალია, მთავრობის მტკიცებით, ეს კანონი გამჭვირვალობის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ფინანსთა სამინისტრო უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების საფინანსო აქტივობას უკვე მეთვალყურეობს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს კანონი იმ NGO-ების დისკრედიტაციას ემსახურება, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ და წარმოაჩენს, რომ ისინი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. მსგავს ტაქტიკებს ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ, განსაკუთრებით კი რუსეთი, და ეს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
ასეთი შემაშფოთებელი ვითარების საპასუხოდ, ჩვენ გთავაზობთ, უპირველეს ყოვლისა, არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებას. ევროპარლამენტის უფრო ძლიერი არჩევნების სადამკვირვებლო მისია უნდა გაიგზავნოს, რომელიც უფრო ფართო არეს მოიცავს, ურბანულ ცენტრს გაცდება და სასოფლო არეების ახლო დაკვირვებას უზრუნველყოფს, სადაც საარჩევნო დარღვევები უფრო სავარაუდოა. დამკვირვებლები არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნოდაც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც უნდა იყვნენ, რამდენადაც მანიპულირება ხშირად კამპანიის დროს ან შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ხდება.
გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ, რომ ამ არჩევნების დროს საქართველოს დემოკრატიული მდგრადობის კომპრომისირებს შემთხვევაში ევროკავშირი შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად უნდა იყოს მზად:
-
ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება: თუკი არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის ჩახშობისა და საარჩევნო პროცესში ჩარევის სარწმუნო მტკიცებულებები იარსებებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რომ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შეუჩეროს. ეს მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში გაცემული გრანტებისა და სესხების შეჩერებასა და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება არ უნდა შეფერხდეს, რათა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს.
-
საკვანძო პირების სანქცირება: ევროკავშირმა მიზნობრივი სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს მთავრობაში მაღალი თანამდებობის მქონე პირებსა და მმართველ პარტიაზე, რომლებიც პირდაპირ არიან პაუხისმგებლები დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრაზე. ეს გაგზავნის ნათელ გზავნილს, რომ ევროკავშირი არ მოითმენს ქმედებებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრის. სანქციები შეიძლება გულისხმობდეს აქტივების გაყინვას, სავიზო აკრძალვებსა და მიმოსვლის შეზღუდვებს.
-
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფორმალური გადახედვა: თუ არჩევნები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის ფორმალური გადახედვა უნდა დაიწყოს. ამ გადახედვის ფარგლებში უნდა შეფასდეს, ესადაგება თუ არა მმართველი პარტიის ღირებულებები დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ. ეს გაგზავნის სიგნალს, რომ დემოკრატიული ნორმებიდან გადახვევა საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეში ჩააგდებს.
-
საჯარო დიპლომატია და კომუნიკაცია: ევროკავშირმა თავისი წუხილი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხსაც აქტიურად უნდა გააცნოს. საჯარო განცხადებებისა და მაღალი რანკის დიპლომატიური ვიზიტების ფარგლებში ხაზი უნდა გაესვას, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებთან დგას და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს, კანონის უზენაესობასა და ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს. ეს დაუპირისპირდება მთავრობის მცდელობებს, რომ კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან ქართულ სუვერენიტეტზე თავდასხმად წარმოაჩინონ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების მნიშვნელოვან გამოცდას წარმოადგენს. ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრის დაშვება სახიფათო პრეცედენტს შექმნის, როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისთვის. რუსეთთან საქართველოს დაახლოების შედეგები მაშინ, როცა მსოფლიოში ავტორიტარიზმი აღმასვლას განიცდის, ვერ გაზვიადდება. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოში დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება დაიცვას.
ვენდობით თქვენს ხელმძღვანელობას და ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად ცხადად გამოხატავს, რომ ნებისმიერი ჩარევა დემოკრატიულ პროცესში უპასუხოდ არ დარჩება. ეს არა მხოლოდ საქართველოს არჩევნების დაცვას, არამედ ევროკავშირის ძირეული ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვასაც ეხება.
ველით თქვენს პასუხსა და მტკიცე ქმედებას ამ საკითხების გადასაჭრელად.
ღია წერილს ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ:
- რიჰარდს კოლსი (ლატვია)
- ადრიან ვასკეს ლაზარა (ესპანეთი)
- ალექსანდრ ვონდრა (ჩეხეთი)
- ანა ზალევსკა (პოლონეთი)
- აურელიუს ვერიგა (ლიტვა)
- დაინიუს ჟალიმასი (ლიტვა)
- დიეგო სოლიერი (ესპანეთი)
- ჰენრიკ დალი (დანია)
- ივარს ლიაბსი (ლატვია)
- იააკ მადისონი (ესტონეთი)
- იაროსლავ ბჟოჰი (ჩეხეთი)
- იონას სიოსტედტი (შვედეთი)
- კშიშტოფ ბრეიზა (პოლონეთი)
- მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი (გერმანია)
- მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი)
- მარტინშ სტაკისი (ლატვია)
- მატეი ტონინი (სლოვენია)
- მერია კილონენი (ფინეთი)
- მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი)
- ნორა ჰუნკო გარსია (ესპანეთი)
- ონრეი კრუტილეკი (ჩეხეთი)
- პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიტვა)
- რასა იუკნევიჩიანე (ლიტვა)
- რეინის პოზნაკსი (ლატვია)
- რიჰო ტერასი (ესტონეთი)
- რობერტს ზილე (ლატვია)
- სებასტიან ტინკინენი (ფინეთი)
- სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა (ხორვატია)
- ტობიაშ ბოჰენსკი (პოლონეთი)
- ვირგინიუს სინკევიჩუსი (ლიტვა)