კესარია აბრამიძის მკვლელობა

მიტინგების დარბევისას ხალხს სცემდა, ამიტომ დაშორდა კესო – აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე

კესარია აბრამიძის მეგობრის, იაკობ მამულიას თქმით, აბრამიძემ მის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც გაიგო, რომ ჯაიანი მიტინგების დარბევაში მონაწილეობდა.

"ბოლოს რომ მოხდა მიტინგების დარბევა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, რომელიც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა და სცემდა. ეს რომ დაინახა [კესარია აბრამიძემ] გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი მეგობართან იყო წასული, ქვეყნიდანაც იყო წასული. მერე რაღაც პერიოდის მერე რომ დაბრუნდა იმან, რა თქმა უნდა, არ მოისვენა.

ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ გამაგიჟე, რომ მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან, რომ გადაკეთებულ ქალთან ხარო [...]." - თქვა მამულიამ მთავარ არხთან ინტერვიუში.

გუშინ, თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები