კესარია აბრამიძის მკვლელობა

დანით 28 ჭრილობა მიაყენა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა

კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბექა ჯაიანს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე, კესარია აბრამიძესა და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.  18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ბ.ჯ.-მ ოპინელის ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის  განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე ნიკორას მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა. ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, კესარია აბრამიძე ადგილზე დაიღუპა.

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის სახლი კიბეებით, ჩქარი ნაბიჯით დატოვა, ავთანდილის ქუჩიდან ვეფხისტყაოსნის ქუჩის გავლით გავიდა მირიან მეფისა და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ამავე ქუჩაზე მდებარე ნათესავის  ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბ.ჯ. სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, რის შემდგომაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

კომენტარები