არჩევნები 2024

ხაზარაძე: არაა მარტივი მოლაპარაკება, პრინციპულად ახლოს ვართ, იმედია, ხვალ დავამთავრებთ

ლელოს და საქართველოსთვის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ პრეზიდენტის სასახლე დატოვეს. მათი თქმით, მოლაპარაკება 19 სექტემბერს გაგრძელდება. ორივე მათგანი იმედს გამოთქვამს, რომ დისკუსია ხვალვე დასრულდება.

"არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად, შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის, ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი, როგორ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომლებიც ქარტიით არის განსაზღვრული და რომლებიც ჩვენ გვაქვს...

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. თქვენ იცით, რომ დრო არის ძალიან ცოტა, სულ რაღაც ერთ კვირაში მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი, შესაბამისად, იმედია, რომ ხვალ უკვე დავამთავრებთ ყველაფერს" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი გახარიას თქმით კი, "გარკვეული შეთანხმებები შედგა" და "არის რაღაც საკითხები, რომლებიც დასასრულებელია".

"მე გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტს, რომელიც, სამწუხაროდ, ისე, როგორც უნდა დალაგებულიყო, ვერ დალაგდა, თუმცა, რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული" - აღნიშნავს საქართველოსთვის ლიდერი.

ორი დღეა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის პარტიების საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ისინი ერთმანეთს ორჯერ პირისპირაც შეხვდნენ, ასევე, ლიდერებს რამდენჯერმე უმასპინძლა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები