რუსული რეჟიმი

კობახიძე: როცა სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ეს ჩვენი შეურაცხყოფაა

ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა - თუმცა ასეთი სანქციები, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.

როცა სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა, ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის და მე ეს შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩთან.

უფრო მეტიც, მე დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა, გარკვეული პოზიციების გადახედვის.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არამარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი.

ყველას მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ რაციონალურად, იმოქმედონ სამართლიანად - ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

17 სექტემბერს ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ს მოქმედ ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა სადაც მან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო "შეშფოთება გამოთქვა".  

16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.

აშშ-ის ხაზინის მიერ დაწესებული სანქციების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები