ოკუპირებული ტერიტორიები

სუს-ი: სოფელ მეჯვრისხევთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მახლობლად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი გაააქტიურა. 

"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს" - წერია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული ქართველების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმია ამოქმედებული.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები