აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებას გამოეხმაურა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებას გამოეხმაურა.

სრული ტექსტი:

"ყურადღება გავამახვილეთ ცოტა ხნით ადრე საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალებს ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რომ 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ "ცეცხლის ალში გაახვია ოსი ძმები და დები".

მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პირდაპირ არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკას, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადება, თუ, ის შერიგებისკენ რეალური ნაბიჯებით არის გამაგრებული, წარსულის შეცდომების გადააზრებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებისთვის ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის მეთოდებზე უარის თქმას, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ემსახურება, შესაძლოა გახდეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პროცესის დასაწყისი.

ბატონი ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასებისა და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი. როგორც ეს აქამდეც მომხდარა.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აგვისტოს პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა ქართული ხელმძღვანელობის ქმედებები ი.სტალინისა და ლ.ბერიას მმართველობის პერიოდში.

1978 წლის 27 ივნისს, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის XI პლენარულ სხდომაზე თქვა: "პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ნაცნობ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ ტარდებოდა პოლიტიკა, რომელსაც პრაქტიკულად შეგვიძლია შოვინისტური ვუწოდოთ, მოდით ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ, ეს პოლიტიკა არ ემსახურებოდა არც ქართველი და არც აფხაზი ხალხის ინტერესებს". სამწუხაროდ ამ განცხადებამ ხელი არ შეუშალა ბატონ შევარდნაძეს 1992 წელს აფხაზეთში ომი დაეწყო.

იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი ივანიშვილი გულწრფელია თავის განზრახვებში და აფხაზ ხალხთან მიმართებაში იპოვის სწორ სიტყვებს, რომლებიც საქმისგან არ იქნება განსხვავებული. ამ სიტყვების საფუძველზე კი, აფხაზეთსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არ გამოყენების იურიდიული დოკუმენტი შეიქმნება".


14 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გორში სიტყვით გამოვიდა:

"დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება". 

კომენტარები