პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ოლიმპიელების დაჯილდოებაზე პრემიერიც დავპატიჟეთ, დასტური ან უარი არ მიგვიღია - ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი
IPN

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს.

"საღამოს, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, ამას ექნება ნამდვილად, სახალხო ზეიმის სახე, თავისი ყველა ატრიბუტიკით - თავისი მუსიკალური გაფორმებით, მუსიკალური ორკესტრით.

ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და ჩვენი ბენდის კონცერტი და ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი - შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, შეხვდეს მათ კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და ყველამ ერთად მიულოცოს ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება!

ჩვენ ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია" - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ონოფრიშვილმა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია დღეს, 12 სექტემბერს გაიმართა - პარასპორტსმენებს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ მიულოცეს.

კომენტარები