არჩევნები 2024

ენმ-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 500 ლარით დააჯარიმა

ირაკლი ნადირაძე

კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი ნადირაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.

4 სექტემბერს ნადირაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატთან, ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად შსს-მ პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის მიზეზით დააკავა.

შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები  ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

ირაკლი ნადირაძე მისი და ირაკლი ეძგვერაძის დაკავების ფაქტს პროვოკაციად აფასებდა და აღნიშნავდა, რომ მომხდარს კავშირი აქვს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებასთან, სადაც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მასზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს. ეძგვერაძის სასამართლო პროცესი 13 სექტემბერსაა ჩანიშნული.

კომენტარები