არჩევნები 2024

ხელწერილით გამომიშვეს - ირაკლი ნადირაძემ პოლიციის შენობა დატოვა

კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ პოლიციის შენობა დატოვა.

დღეს საღამოს ირაკლი ნადირაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს დეპუტატთან, ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის საფუძველზე დააკავა.

ირაკლი ნადირაძე მისი და ირაკლი ეძგვერაძის დაკავების ფაქტს პროვოკაციად აფასებს და აღნიშნავს, რომ მომხდარს კავშირი აქვს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებასთან, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, ოპოზიციის ლიდერებიც თავდასხმის რისკის ქვეშ იმყოფებიან. 

ნადირაძის თქმით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"ჩვენ ვნახეთ დილით პოლიტიკოსების განცხადება ქართული ოცნების მხრიდან, რომ ისინი დაიწყებდნენ დევნას და რამდენიმე საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს მინი-სპეცოპერაცია გაკეთებულიყო.

მთავარი სამიზნე იყო ირაკლი ეძგვერაძე, გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ძალიან აწუხებთ ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის გლდანში, სადაც ტრადიციულად ამარცხებდა ხოლმე ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას.

მისი მუშაობა ძალიან არ მოსწონთ, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მოსწონთ, ალბათ ნაციონალური მოძრაობა.

როდესაც დამირეკეს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მოვედი ადგილზე, უკვე მანქანაში სვამდნენ - ერთადერთი კითხვა მქონდა, რატომ ხდებოდა მისი დაკავება და ვცდილობდი, რაღაცნაირად დრო გასულიყო, რომ მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ არანაირი დაცვა აღარ არსებობს, გარდა მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. 

ხელწერილით გამომიშვეს და ალბათ, მალე იქნება ადმინისტრაციული სასამართლო და ჩაგვსვამენ ორი კვირით პატიმრობაში ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ქართულ ოცნებას სჩვევია". - თქვა ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 

კომენტარები