ამერიკული როკ-დუეტის, The White Stripes-ის წევრებმა, ჯეკ და მეგ ვაითებმა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. როკ-დუეტი ტრამპის გუნდს საარჩევნო კამპანიის ვიდეოში გამოსაყენებლად მათი ჰიტის, Seven Nation Army-ის "უხეშ მითვისებაში" სდებს ბრალს.
ორშაბათს, 9 სექტემბერს ჯეკ ვაითმა Instagram-ზე სარჩელის დოკუმენტის პირველი გვერდი გამოაქვეყნა, წარწერით "ეს მანქანა ფაშისტებს უჩივის".
ვიდეო, რომელშიც White Stripes-ის ჰიტი გამოიყენეს, ტრამპის გუნდის წევრმა, მარგო მარტინმა X-ზე 29 აგვისტოს გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. ვიდეოში ჩანს ტრამპი, რომელიც თვითმფრინავში სწორედ ამ მუსიკის ფონზე ადის.
"ოჰ... არც იფიქროთ ჩემი მუსიკის გამოყენებაზე, თქვენ ფაშისტებო. ჩემი ადვოკატი სარჩელს ამზადებს, რომ [ტრამპის] კიდევ სხვა 5000-ს [სარჩელს] მიუმატოს" - სარჩელის საბოლოოდ შეტანამდე წერდა ვაითი Instagram-ზე.
სარჩელში, White Stripes-ის საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ, აღნიშნულია, რომ ტრამპის გუნდმა სიმღერა როკ-ჯგუფის ნებართვის გარეშე გამოიყენა.
დუეტი ტრამპის გუნდისგან ფულად კომპენსაციას ითხოვს.
ცოტა ხნის წინ ტრამპის კამპანიას იმავე მიზეზით ამერიკელმა არ-ენ-ბი და სოულის შემსრულებელმა და კომპოზიტორმა აიზეკ ჰეისმაც უჩივლა და საქმეც მოიგო.





