კანადა

ებრაელების წინააღმდეგ ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით კანადაში პაკისტანელი დააკავეს

აშშ-ს გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი
Will Oliver/EPA

კანადაში მცხოვრები 20 წლის პაკისტანელი მამაკაცი, მუჰამედ შაჰზებ ხანი აშშ-ს საზღვართან ნიუ-იორკში მცხოვრები ებრაელების წინააღმდეგ მასობრივი სროლის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ნიუ-იორკში მცხოვრები ებრაელების წინააღმდეგ მასობრივ სროლას 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის წლისთავზე გეგმავდა.  

მუჰამედ შაჰზებ ხანი ოთხშაბათს კანადაში დააკავეს და ბრალი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის, კერძოდ, ე.წ ისლამური სახელმწიფოსთვის მატერიალური დახმარებისა და რესურსების მიწოდების მცდელობაში წარუდგინეს.

"ბრალდებულმა, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა ნიუ-იორკში 7 ოქტომბრის წლის თავზე დაგეგმა. თავდასხმის მიზანი ისლამური სახელმწიფოს სახელით რაც შეიძლება მეტი ებრაელის დახოცვა იყო".- თქვა აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

სავარაუდოდ, ტერაქტის სამიზნედ ნიუ-იორკი მისი დიდი ებრაული მოსახლეობის გამო აირჩიეს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კანადაში მცხოვრებ პაკისტანელ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საჩივრის თანახმად, რომელიც აჯამებს ხანის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, ხანმა სოციალურ მედიაში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნება გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

საიდუმლო აგენტებმა ხანთან კომუნიკაცია გასული წლის აგვისტოში დაიწყეს. მოგვიანებით ბრალდებულმა შექმნა პირადი ჯგუფური ჩატი დაგეგმილი თავდასხმის დეტალების გასარკვევად.

"თუ ჩვენი გეგმა წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა აშშ-ს ტერიტორიაზე 11 სექტემბრის შემდეგ". - ამბობდა ბრალდებული საჩივრის მიხედვით.

კომენტარები