ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ერდოღანი: ისრაელის ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ ისლამური ქვეყნების ალიანსი უნდა შეიქმნას

REUTERS/Murad Sezer

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ისლამურმა ქვეყნებმა ისრაელის "ექსპანსიონიზმის მზარდი საფრთხის" წინააღმდეგ ალიანსი უნდა შექმნან. 

"ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ისრაელის ქედმაღლობას, ბანდიტიზმსა და ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმს დაასრულებს არის ისლამური ქვეყნების ალიანსი" - თქვა ედროღანმა ისლამური სკოლების ასოციაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტამბოლში. 

მანამდე ერდოღანი თურქ-ამერიკელ ქალზე საუბრობდა, რომელიც 6 სექტემბერს დასავლეთ სანაპიროზე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას ისრაელის ჯარის სროლის შედეგად დაიღუპა

ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ თურქეთი ბოლო ხანებში ეგვიპტესთან და სირიასთან კავშირებს კიდევ უფრო აუმჯობესებს, რისი მიზანიცაა, "ჩამოყალიბდეს სოლიდარობის ხაზი [ისრაელის] ექსპანსიონიზმის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ". 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა (Israel Katz) ამის შესახებ განაცხადა, რომ ერდოღანის კომენტარი "საშიში ტყუილი და წაქეზება" იყო. მისივე თქმით, თურქეთის ლიდერი ირანთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, რათა რეგიონში არსებული შედარებით "ნეიტრალური არაბული რეჟიმებისთვის" ძირი გამოეთხარა. 

კომენტარები