საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყალტუბოში ქართული ოცნების წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება უწოდა.
"პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ, ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად ყურადსაღებია ის ტენდენციები, რომლებიც ხელოვნურად ინერგება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში, ქართულ პოლიტიკაში და ეს არის თავიდან ბოლომდე გარედან, ხელოვნურად დანერგილი ტენდენციები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი დასრულდეს და ამისთვის "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ პოლიტიკურ სისტემაში დარჩება "კოლექტიური ნაცმოძრაობა", ამ შემთხვევაში დაგვრჩება ჩვენ ლიბერალური ფაშიზმი, როდესაც აიკრძალება "ნაცმოძრაობა", როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტია, ვგულისხმობ კრებსით "ნაცმოძრაობას", მაშინვე დასრულდება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი, ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი, ეს არის აუცილებელი ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის დამყარებისთვის". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
-
ენმ-ს წევრისგან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ჩვენი გუნდის წევრი გარდაიცვალა – მიქანაძე
-
ხაბეიშვილი გიგიაძის გარდაცვალებაზე: როგორ არ რცხვენიათ თემის პროპაგანდისტულად გამოყენება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წყალტუბოში ქართული ოცნების წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს, რომ ტრაგიკული შემთხვევა "ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზების, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევის" შედეგია.
ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





