ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილი სიგიჟეს უწოდებს წყალტუბოში ქართული ოცნების წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაკეთებულ განცხადებებს.
"ძალიან მძიმეა, ვუსამძიმრებ ამ ადამიანის ოჯახს. მე რაც ვნახე, ორი ადამიანი საუბრობდა, შემდეგ, რომ ამბობენ, იმ პარტიას, ამ პარტიას, საერთოდ არანაირი შეხება... საერთოდ რა სიგიჟეა ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ.
[...] ათიათასობით ადამიანს ურეკავდნენ ტელეფონებზე, ოჯახის წევრებს, ბავშვებს ეუბნებოდნენ მოგკლავთ, ენას ამოგაძრობთ. ლაშა ფარულავას მამას დაურეკეს და უთხრეს, შენს შვილს კოჭებს დავუხვრეტთ და მოგისვენებთ სახლში. მერე საავადმყოფოში მოხვდა ეს კაცი. ამას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, შსს, სუს-ი, ლილუაშვილი ისინი აორგანიზებდნენ - ეს მართლა მანიაკები, საერთოდ, რაზე ლაპარაკობენ. ყველაფრის გამოყენება მართლა პროპაგანდისტულად, როგორ არ ცხვენიათ" - თქვა ხაბეიშვილმა TV პირველთან.
სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, გივი მიქანაძის თქმით, გუშინ წყალტუბოში ენმ-ს წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე მათი პარტიის ოფისში "მივარდა" და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, "ნერვიულობის ფონზე ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა".
"ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით" - თქვა მიქანაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წყალტუბოში ქართული ოცნების წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს, რომ ტრაგიკული შემთხვევა "ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზების, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევის" შედეგია.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





