საქართველო-გერმანია

ბუნდესტაგის დელეგაცია: ხელისუფლების კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ

"ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ" - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა დებორა დიურინგმა, იურგენ ჰარდტმა, ულრიხ ლეხტემ და ნილს შმიდმა საქართველოში ვიზიტი შეაფასეს. 

"საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით" - ნათქვამია განცხადებაში.

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა აღნიშნეს, რომ რუსული კანონის მიღება "საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას".

"ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არა მხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს" - ნათქვამია დელეგაციის წევრების საერთო განცხადებაში. 

ოპოზიციის განცხადებებს, რომ ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ, რადგან არ ეცალათ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა.

"შალვა პაპუაშვილი დღეს არ იმყოფება თბილისში, ის არის წასული რეგიონში. [...] ყველა ამ სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის დელეგაციას" - თქვა სამხარაძემ.

 

კომენტარები