2024 წლის არჩევნები

თურმე არ სცალიათ - ოპოზიციის მტკიცებით, ოცნება ბუნდესტაგის დელეგაციას არ შეხვდა

ბუნდესტაგი

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დღეს გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ.  

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, "ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი არ შეხვდა გერმანელ კოლეგებს". მისი შეფასებით, "ეს უკვე ცალსახად იმის ნიშანია, რომ უბრალოდ ავლენენ ძალიან მძიმე უპატივცემულობას ჩვენი ევროპელი კოლეგების მიმართ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ევროპელი კოლეგები ცალსახად არიან ქართველი ხალხის გვერდით".

"დღეს იყო დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება ძალიან დაკავებულია საკუთარი საქმეებით და უბრალოდ მათთვის ვერ მოიცალეს.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არჩევნები: როგორ ვხედავთ ჩვენ ამ არჩევნებს და რა გარემოში ჩაივლის ეს არჩევნები". - უთხრა კორძაიამ TV პირველს.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, "არავინ არ შეხვდა მათ, არც პარლამენტის სპიკერი - თურმე არ სცალიათ, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სტუმრები არიან ამ ქვეყანაში და მათი მთავარი მიზანი არის ქვეყნის დემოკრატიული მომავალი და წინასაარჩევნო გარემოს გაცნობა". 

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა კი აღნიშნა, რომ "ხელისუფლების ნაბიჯებმა, როგორიც არის რუსული კანონი და რუსული პოლიტიკის სხვა გამოხატულებები, გააჩერა ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული ევროინტეგრაციის პროცესი".

"ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, ყველა ელოდება არჩევნებს იმიტომ, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეების ხელში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ახლა არის ქართული ოცნების გამო გაჩერებული - ეს პროცესი აღდგეს" - თქვა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები