ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრის, ვლადიმირ დელბას თქმით რუსეთის მიერ შეწყვეტილი დაფინანსების ოდენობა თვეში 141 მილიონ რუბლს (1.6 მილიონ დოლარს) შეადგენს. ინფორმაციას აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.
აფხაზეთში ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ძალოვან და სხვა "სახელმწიფო" სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისთვის სექტემბრის თვეში რუსეთი შრომით ანაზღაურებას არ გასცემს.
"ამ პროგრამის გარკვეული პუნქტების შესრულების ვადა 2024 წლის 1 აგვისტომდე იყო. იმის გამო, რომ აფხაზურმა მხარემ არ შეასრულა პირობები, რუსულმა მხარემ დროებით შეზღუდა ფინანსური დახმარების გაცემა 141 მილიონი რუბლის ოდენობით. ეს თანხა დაფინანსების წლიური ოდენობის 1/12-ია" - რუსულ მედიაზე დაყრდნობით, თქვა დელბამ.
ცნობისთვის, 3 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ თქვა, რომ რუსეთმა 1-ელი სექტემბრიდან "აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა".
შამბას თქმით, რუსეთმა ამ დრომდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ "აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები".
"1-ელი სექტემბრიდან მათი [სანქციების] განხორციელება უკვე დაიწყეს. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვას. როგორც ჩანს ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ასევე, კითხვები არსებობს ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კომერციული ფასის გადახდა მოგვიწევს". - თქვა შამბამ.
გარდა ამისა, შამბამ ისაუბრა, დე ფაქტო პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულად რუსეთის პრეროგატივაა, რომელზეც მარიონეტული რეჟიმი გავლენას ვერ მოახდენს.