რუსული კანონი

სირცხვილია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად აღარ დარეგისტრირდება

მოძრაობა სირცხვილია აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციად აღარ დარეგისტრირდება. სირცხვილიამ 30 აგვისტოს ვიდეომიმართვა წაშალა და დაწერა, რომ გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას. მოძრაობა აღნიშნავს, რომ "სათანადოდ ვერ შეაფასეს" ის შედეგები, რაც მათ გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. 

"გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.

ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.

ჩვენი გადაწყვეტილების ერთერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას.

გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

30 აგვისტოს საღამოს ორგანიზაციამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც წევრები ხსნიდნენ, რატომ რეგისტრირდებოდნენ საჯარო რეესტრში უცხოური  ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, რუსული კანონის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მათ გაკოტრებამდე მიიყვანდა და სირცხვილია ვეღარ შეძლებდა საქმიანობის გაგრძელებას.

ვიდეომიმართვას კრიტიკა მოჰყვა, რაც ქართული ოცნების წევრებმა "ფაშისტურ ბულინგად" შეაფასეს.

კომენტარები