რუსული კანონი

Animal Project რუსული კანონის გამო მალე ფუნქციონირებას შეწყვეტს

animal project

 Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის  რუსული კანონის გამო მალე ფუნქციონირებას შეწყვეტს.

ორგანიზაცია მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარების კუთხით მუშაობს - ეწევიან საინფორმაციო და ცნობიერების ასამღალებელი, ადვოკატირების და სტერილიზაცია-კასტრაციის კამპანიებს. 

ტაბულა ესაუბრა ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნათია ჩიქოვანს. ჩიქოვანის თქმით, Animal Project-ს მიმდინარე პროექტები ევროკავშირისა და USAID-ის დაფინანსებით აქვს, ამიტომ უწევთ დარეგისტრირდნენ "აგენტების ბაზაში". ეს მათთვის პრინციპულად მიუღებელია, რადგან ორგანიზაციის დონორები არა უცხოური, არამედ საქართველოს ინტერესების გამტარებლები არიან, როცა ცდილობენ, მოგვარდეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. 

"პროექტი ცხოველებისთვის მიმდინარე პროექტი აქვს ერთი ევროკავშირის დაფინანსებით და მეორე USAID-ის. 2023 წელსაც გვქონდა UNDP-ის პროექტი - შესაბამისად, ჩვენ გვიწევს დავრეგისტრირდეთ აგენტების ბაზაში, რასაც ნამდვილად არ ვაპირებთ. პრინციპის საკითხია, რადგან ვინ, ვინ და ჩვენ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ პირდაპირ, რაც ევალება სახელმწიფოს და არ აკეთებს. 

წარმოუდგენელია, კიდევ მე ვიყო აგენტი და ჩვენს დონორებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ვეძახოთ, როცა ერთადერთი, რასაც ატარებენ, საქართველოს ინტერესებია, რომ საქართველოში მოგვარდეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. 

ამის გარდა, ჩვენთვის იდენტიფიცირებაც რთული იქნება შემოსული თანხების. მაგალითად, რომელიმე პარტნიორ სივრცეში თუ დავდგამთ ყუთს, სადაც ვიღაც ჩააგდებს 5 ლარს, ან ვინმე ანონიმურად ჩაგვირიცხავს თანხას, ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ თანხის გადმომრიცხველის იდენტიფიკაციას. 

ამიტომ, ვანულებთ ჩვენს ანგარიშებს. ყველა ფინანსური ვალდებულებას, რაც გვაქვს პროექტების ფარგლებში, ამას დავასრულებთ დღეს და ხვალ. 

მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია გადავა თავიდან ბოლომდე მოხალისეობრივ საქმიანობაზე, რასაც ფული არ სჭირდება" - ამბობს ნათია ჩიქოვანი. 

პროექტი ცხოველებისთვის ბოლოჯერ სთხოვს მხარდამჭერებს შემოწირულობის შეგროვებას, რათა გადარჩენილი და გასაჩუქებლად შეფარებული ცხოველები რამდენიმე თვე უზრუნველყონ და ვეტერინარული კლინიკის ვალები დაფარონ. 

რუსული კანონის გამო დღეს კიდევ ერთმა ფონდმა სიკეთის რევოლუცია შეწყვიტა ფუნქციონირება. 

 

კომენტარები