ვენესუელა

ბორელი: EU მადუროს ლეგიტიმურობას უარყოფს

ჯოზეფ ბორელი/ნიკოლას მადურო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 29 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ისინი არ აღიარებენ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს "დემოკრატიულ ლეგიტიმურობას".

ბორელის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვენესუელის ეროვნული საარჩევნო კომისიისგან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არჩევნების შედეგების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია ვერ მიიღეს.

"ჩვენ ვერ ვაღიარებთ მადუროს, როგორც არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. ის დარჩება პრეზიდენტად, დე ფაქტო... მაგრამ, უარვყოფთ მის დემოკრატიულ ლეგიტიმაციას". - თქვა ბორელმა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბორელმა აღიარა, რომ ხუთშაბათის გადაწყვეტილებას არ ექნება რაიმე დაუყოვნებელი პრაქტიკული შედეგი, რადგან ევროკავშირს ვენესუელისთვის უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო სანქციები ჯერ არ დაუწესებია. თუმცა, ბორელმა აღნიშნა, რომ ეს არის "მტკიცე განცხადება" ბლოკისა, რომლის წევრ ქვეყნებშიც ჯამში 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

აქციებზე, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მადურომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ამ დრომდე 27 ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაახლოებით 1 780 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, მათ შორის, 114 მოზარდია. დააკავეს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ლიდერიც.

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო.

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა.

ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებდა, რომ გონსალესისადმი ხალხის მხარდაჭერა მართლაც დიდი იყო.

ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი აღიარა.

"აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალესმა ვენესუელას 28 ივლისის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს არც ევროკავშირი აღიარებს.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიების შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.

კომენტარები