ანტიკორუფციული ბიურო

დემოკრატიის ფესტივალის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს – კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალის საქმეზე მიმდინარეობს  მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

"დემოკრატიის ფესტივალი იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიის ორგანიზებით და დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკური ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პარტიების მხარდაჭერისკენ. ფესტივალზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მიმართული კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი". - თქვა კუპრაშვილმა.

7 აგვისტოს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატისთვის (EECMD) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ დემოკრატიის ფესტივალის წინააღმდეგ წამოწყებულ ნეგატიურ კამპანიას ეხმაურებოდა და წერდა, რომ ოცნების წარმომადგენლების მხრიდან "დემოკრატიის ფესტივალზე თავდასხმები პირდაპირ ემთხვევა რუსული კანონის სულისკვეთებას".

EECMD-ის ცნობით, ფესტივალზე მიწვეული იყო ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, ქართული ოცნებაც.

საქართველოში გამართულ დემოკრატიის ფესტივალს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ "ავტორიტარიზმის ფესტივალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ფესტივალს საქართველოში "პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები".

კომენტარები