ანტიკორუფციული ბიურო

ოცნება ანტიკორუფციულ ბიუროს აუქმებს

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდება ანტიკორუფციული ბიურო და ფუნქციები გადაეცემა სახელმწიფო აუდიტს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის ცნობით, 2026 წლის 2 მარტიდან ასევე უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომლის ფუნქციებიც ასევე სრულად სახელმწიფო აუდიტს გადაეცემა.

"ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა. ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

იმავე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან". - თქვა პაპუაშვილმა.

"სანამ ეს ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები". - თქვა ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 12 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

11 ნოემბერს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ტაბულას ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ "გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება".

    კომენტარები